წელს ჩოხატაურში, ზოგადასაგანმანათლებლო სკოლებში, პირველ კლასში 142 მოსწავლე დარეგისტრირდა,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, სასწავლო პროცესი სკოლებში გუშინ, 15 სექტემბერს დაიწყო. ჩოხატაურში, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლებმა სწავლა გამოყოფილ ალტერნატიულ ფართში დაიწყეს.
_ რა სიახლეებით შეხვდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ახალ სასწავლო წელს- ამის შესახებ შორენა სიხარულიძეს ვესაუბრეთ.
“შეიძლება თამამად ითქვას, რომ 2025-2026 სასწავლო წელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში შეუფერხებლად და ორგანიზებულად დაიწყო. სასწავლო პროცესის დასაწყებად მზადება ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა: საქართველოს განათლების , მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გაიცა არაერთი რეკომენდაცია, მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრები ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისათვის. განახლდა ელექტრონული ჟურნალი, ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდა სკოლებს და სხვა . სამინისტროს მხრიდან სკოლები უზრუნველყოფილნი არიან სახელმძღვანელოებით, პირველკლასელთა კომპიუტერებით, სასკოლო ტრანსპორტით”,_ ამბობს შორენა სიხარულიძე.
რაც შეეხება პირველ საჯარო სკოლას, შორენა სიხარულიძის თქმით, პირველმა საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი განაახლა ალტერნატიულ ფართში- კერძო სამრევლო სკოლის შენობაში .
“15 სექტემბერს დასრულდა პირველი საჯარო სკოლის შენობის სადემონტაჟო სამუშაოები და მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა პირველი საჯარო სკოლის პროექტირების ტენდერი, რამდენიმე თვეში დაიწყება სჯოლის მშენებლობა”,_ამბობს შორენა სიხარულიძე.
_ რამდენი მოსწავლე დარეგისტრირდა წელს პირველ კლასში?
_ 2025-2026 სასწავლო წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დარეგისტრირდა 142 პირველკლასელი , რომლებსაც გადაეცათ პირველკლასელთა ბუკები , სახელმძღვანელოები ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დასაჩუქრდნენ სასკოლო ნივთებით.
































































