ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავას დაკავებას მისი ადვოკატი, დავით ახალია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ლექსო რაფავა წლების განმავლობაში მუშაობდა შ.ს ორგანოებში, იცავდა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და მართლწესრიგს. დიდია მისი წვლილი დამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის გახორციელებაში…
მისი პოლიტიკური კუთვნილებიდან გამომდინარე, ამ დილით შ.ს.-მ ჩხრეკა ჩაატარა მის ბინაში და ჩაუდო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა…
როგორ წარმოგიდგენიათ, კაცი რომელიც კანონს ემსახურებოდა და იცის, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა დანაშაულს წარმოადგენს, თანაც იმ პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით (აქტიურად იყო პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და მხარს უჭერს საქართველოს მესამე პრეზიდენტს), ავტომატურ ცეცხლსასროლი იარაღს საძინებელ ლოგინში ლეიბის ქვეშ შეინახავდა ან/და ხელყუმბარას?! თანაც უფლება აქვს შეინახოს და ატაროს მასზე საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი.
მინდა მივმართო ყველას, მათ შორის, ,,ქართული ოცნების,, ხობის ორგანიზაციას, პარლამენტის წევრს და საკრებულოს მომავალ თავმჯდომარეს და მერობის კანდიდატს _ ამ უსამართლობაზე ხმა აღიმაღლეთ!
ჩვენ ხობში უნდა ვიცხოვროთ და ერთად უნდა ვიფიქროთ მის მომავალზე.
მეგობრებო! ამ უკანონობაზე დუმილი არ შეიძლება და არც ის _ მიმდინარეობს გამოძიება და შედეგებს დაელოდეთო. შედეგი, რა იქნება, ვიცით.
გაგრძელდება ბრძოლა სამართლებრივად.
მინდა მივმართო მის მეგობრებს, ვინც მუშაობთ შ.ს ორგანოებში და სხვა საგამოძიებო უწყებებში– უნდა გაგიჩნდეთ პროტესტი, რა ფორმით გამოხატავთ თქვენი ნებაა“, _ წერს დავით ახალაია.