ოზურგეთელი კოლორიტი მეეზოვე, ნატაშა მიხაილოვა, რომლის შესახებაც „გურია ნიუსი“ ახლახან წერდა, გამუდმებით საქმიან ფუსფუსშია და წინასაახალწლო დღეებში, მთელი დღის განმავლობაში, ასუფთავებს ოზურგეთის ქუჩებს, განსაკუთრებით კი ოზურგეთის „ჭადრების ბაღს“.
ახლა, დღის მეორე ნახევარშიც, ის ქალაქის ცენტრში ტრიალებს.
_ნატაშა , გამარჯობა, როგორ ხარ?
_ყველაზე კარგად! სერიოზულად გეუბნები!
_ პრემია რამდენი მოგცეს?
_ეე, 80 ლარი, მაგრამ მაინც ყველაზე კარგად ვარ.
_ხელფასი რამდენი გაქვს?
_400 ლარი.
_თუ იციან იქ, ზემოთ, რომ შენ პრემია ყოველდღე გეკუთვნის. თუ არადა, ხელფასის ნახევარი მაინც?
_მაინც ყველაზე კარგად ვარ! _ ჩვეული ალალი ღიმილით გვიპასუხა ამ „ყველაზე უკეთ მყოფმა“, ყველაზე პოზიტიურმა ადამიანმა და ისე ჩანს, იმ საჯარო მოხელეებთან შედარებით, ვინც საკუთარ თავს (და თანამშრომლებს, ხელფასთან მიახლოებული ჯილდო გამოუწერა), თავს მართლა უფრო ლაღად უნდა გრძნობდეს.