15 ივნისის ჩათვლით, უმეტესად დღის მეორე ნახევარში და საღამოს საათებში, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში არ გამოვრიცხავთ სეტყვასაც და ასევე ქარის გაძლიერებას ელ ჭექის დროს. ზოგ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 14, 15 და 16 ივნისს ჰაერის ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. 17 ივნისს შედარებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს კვლავ +30, +32 გრადუსამდე.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერიც. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. თუ წინა დღეების განმავლობაში, დასავლეთ საქართველოსთან შედარებით ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა, მაგალითად, გუშინ საქართველოს დედაქალაქში +34 გრადუსი დაფიქსირდა, შიდა ქართლში +30 გრადუსი, აქაც დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა და 16 ივნისის ჩათვლით +30 გრადუსის ქვემოთაა ტემპერატურა მოსალოდნელი. 17 ივნისიდან შედარებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს. კვირას კი მოსალოდნელია ზოგიერთ რაიონში წვიმა ელჭექით”,_ ამბობს გვაზავა.