როგორია სამტრედიაში, თვითიზოლაციაში მყოფი მარნეულელების ჯანმრთელობის მდგომარეობა_ ამ ინფორმაციას თითქმის ყოველდღიურად კითხულობენ სამტრედიელები, რომელთა შეშფოთების საბაბი სამტრედიაში, ავტობანზე დასაქმებული 20 მარნეულელის თვითიზოლაციაში გადაყვანა გახდა.
,,ეს ადამიანები ძალიან ბევრ ადგილობრივთან იყვნენ კონტაქტში. სარგებლობდნენ სამტრედიის სავაჭრო ობიექტებით. ამიტომ, ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ყოველდღიურად ვფლობდეთ კომპეტენტურ ინფორმაციას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“,_ ,,გურია ნიუსთან” შიშისა და სიფრთხილის გამოჩენას ასე ხსნის სამტრედიელთა უმრავლესობა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელი ბოლო ინფორმაციებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ სამტრედიელებს ამ მხრივ სანერვიულო არ აქვთ.
მარინა თევზაძე მუნიციპალიტეტში არსებულ ზოგად მდგომარეობას დადებითად აფასებს:
,,თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა გვიმცირდება, 2 მოიხსნა და დარჩა 53 პირი. სხვადასხვა საკარანტინე სივრცეში რჩება 10 სამტრედიელი. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულ მარნეულის 20 მაცხოვრებელს, ისინი 23 მარტიდან იმყოფებიან თვითიზოლაციაში და მათზე ყოველდღიური მონიტორინგი წარმოებს. მინდა, გითხრათ, რომ საფრთხეს ვერ ვხედავთ, რადგან ისინი თავს კარგად გრძნობენ. მარნეულის მოქალაქეებზე თერმოსკრინინგი და დაკვირვება მათი ექიმის და ჩვენი მედპერსონალის მხრიდან ყოველდღიურად ტარდება.”