სამტრედიის პოლიციაში გუშინ გვიან ღამით რიონის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობიდან ზარი დაირეკა. შეშფოთებული ადგილობრივები შესაბამისი სამსახურებიდან დახმარებას ითხოვდნენ. მოსახლეობის თქმით, მათ ქუჩაზე, რამდენიმე ოჯახში მდგმურად მარნეულელი 14 ადამიანი ცხოვრობდა, რომლებიც სამტრედიაში, ავტობანის მშენებლობაზე არიან დასაქმებულნი და მშობლიური რაიონიდან გუშინ და გუშინწინ დაბრუნდნენ.
მოსახლეობის სატელეფონო ზარს მყისიერი რეაგირება მოჰყვა _ რიონის ქუჩაზე პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის წარმომადგენლები გავიდნენ.
,, გურია ნიუსი” დაუკავშირდა ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელობას, რომელთა განმარტებით, გაირკვა, რომ რიონის ქუჩაზე მდგმურებად მცხოვრებ მარნეულელ მოქალაქეებს ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი, რომლებსაც დაავადების არანაირი გამოვლინება არა აქვთ, ისინი რჩებიან მოსახლეობისაგან იზოლირებულად და მათზე ყოველდღიური დაკვირვება გაგრძელდება. ხოლო ის ოჯახები, სადაც მარნეულელები მდგურებად იყვნენ, ორკვირიან თვითიზოლაციაში დარჩებიან.