“ახლა დამიკავშირდნენ სოფელ ერკეთიდან გზა არ გვაქვსო, არ იწმინდება, ტელეფონზე ვრეკავთ და არ პასუხობენო, ტელეფონზე მაინც უპასუხეთ ამ ხალხს, თქვენ კაი ადამიანებო, თქვენ არჩეულები ხართ და პირდაპირ ანგარიშვალდებულები ხართ ამომრჩეველთან. საილუსტრაციოდ მოწერილ წერილსაც დავდებ აქ”, _ ამ შინაარსის პოსტს სოციალურ ქსელში ჩოხატაურელი როლანდ სიხარულიძე ავრცელებს”.
სიხარულიძის პოსტს სოციალურ ქსელშივე მოჰყვა გამოხმაურება.
ზოგი სიხარულიძეს “დაუნახაობაში” ადანაშაულებს, ზოგიც კიდევ თავიანთი სოფლის შიდა გზების გაწმენდას და ელექტროენერგიის აღდგენას ითხოვს.
“გურია ნიუსი” ერკეთის დეპუტატს ჩოხატაურის საკრებულოში, ლაშა თოლორდავას დაუკავშირდა. თოლორდავას თქმით, ის თვითიზოლაციაში იმყოფება, თუმცა ყველა სატელეფონო ზარს პასუხობს.
“როგორ ვერ ხერხდებოდა ჩემთან დაკავშირება, მე ვუპასუხე პოსტზე, ყველა ზარს ვპასუხობდი, ვინც კი დამიკავშირდა. როლანდ სიხარულიძის პოსტებზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარს. ცენტრალური გზა გაწმენდილია და ამ წამსაც იწმინდება. ბატონ როლანდს რა აწუხებს, ვერ გეტყვით მე. მეტრზე მაღალი თოვლია მოსული. ტრაქტორში ამ წამსაც ზის რწმუნებული სოსო კობიძე და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. მე პირადად ვარ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირი, ვარ იზოლაციაში, მაგრამ ყველა ზარს ვპასუხობ”, _ გვითხრა თოლორდავამ.
საგულისხმოა, რომ მას შემდეგ, რაც “გურია ნიუსი” სიხარულიძის პოსტით დაინტერესდა, პოსტი წაიშალა.