მმართველი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” “ლელოს” ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გოჩა ჯანაშიას ესაუბრა.
ჯანაშიას თქმით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო აკნინებს ისედაც დაკნინებულ პრეზიდენტის ინსტიტუტს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე უარყოფითად აისახება.
“პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დაკნინებულია. სამომავლოდ, პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნებით აღარ ირჩევა და სანამ ეს მოხდება, მანამდე კიდევ უფრო დაკნინება ამ ინსტიტუტის სამარცხვინო მგონია. მითუმეტეს, რომ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა თავის დროზე “ქართულმა ოცნებამ” წამოაყენა. ძალიან სამწუხაროა, რომ უფლებამოსილების გასაკონტროლებლად მიდის ამხელა შიდა ბრძოლა, რაც, რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება ქვეყნის ევროპერსპექტივაზე. რომელ ევროპაზეა საუბარი, როცა ასეთი მოვლენები ვითარდება და ვინმეს ჰგონია, რომ “ქართულ ოცნებას” უნდა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა? ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე მგონია, რომ პარლამენტში არსებული ოპოზიცია პრეზიდენტს დაუჭერს მხარს და იმპიჩმენტისთვის საჭირო პროცედურებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა “ქართულ ოცნებას” ვერ მოუგროვდება”,_ განაცხადა ჯანაშიამ.
ინფორმაციისთვის, 30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი გერმანიაში გაემგზავრა. პრეზიდენტის ადმინიტრაციის განცხადებით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. თუმცა, როგორც მოგვიანებით მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, მას აღნიშნული ვიზიტი მთავრობამ აუკრძალა. ზურაბიშვილმა კი აკრძალვის მიუხედავად გერმანიაში მაინც ჩაფრინდა.
ავტორი