ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული გოჩა უნგიაძის სახელი მიენიჭა. გადაწყვეტილება 28 მარტს ჩოხატაურის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.
გარდა ამისა, სხდომაზე ცვლილებები შევიდა ანა კალანდაძის, ზაზა ცინცაძის, მამუკა კალანდაძის და ისააკ კეკელიძის ქუჩების სახელდების შესახებ.
როგორც საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი დასახლებების ქუჩების არაბული ციფრებით სახელდება მოხდება.
“საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო დეპარტამენტმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოადგინა ინიციატივა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად უსახელო ქუჩებისა სახელდება განხორციელდეს არაბული ციფრების გამოყენებით („გეოგრაფიული ობიეტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები). ეს ინიციატივა არ ეხებოდა მუნიციპალიტეტში შემავალ არც ერთ დაბას და იმ სოფლებს, რომლებიც უკვე დამისამართებულია, ეს სოფლებია: შუა ამაღლება, დაბლაციხე, ფარცხმა და ზემოფარცხმა. საკრებულოს და მერიის ერთობლივი კოორდინაციით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დამისამართების დეპარტამენტთან, მომზადდა პროექტი, თანდართული დოკუმენტაცია ცხრილებისა და ორთოფოტოების სახით დაზუსტდა და 2023 წლის 28 მარტს საკრებულოს მორიგ სხდომაზე დამტკიცდა.
რაც შეეხება უკვე არსებულ განკარგულებებს არის ანა კალანდაძის, ზაზა ცინცაძის, მამუკა კალანდაძის და ისააკ კეკელიძის ქუჩების სახელდების შესახებ, აქ დაზუსტების მიზნით არსებულ განკარგულებებში და თანდართულ დოკუმენტაციაში შევიდა ცვლილებები, ხოლო სოფელ ჯვარცხმაში ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მიენიჭა აფხაზეთის ომში დაღუპული გოჩა უნგიაძის სახელი”,_ განმარტა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მარინე ბერაძემ.
ავტორი