დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ წმინდა სინოდზე ყოველთვის საჭირბოროტო და სავალდებულო საკითხები იხილება, თუმცა მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმის განხილვა უნდა მოხდეს:
„ერთ-ერთი სინოდის დასრულების შემდეგ საპატრიარქოდან გაკეთდა განცხადება, რომ შეიქმნებოდა კომისია, რომელიც სრულად შეისწავლიდა ე. წ. ციანიდის საქმეს. მაგრამ ეს, სამწუხაროდ, მხოლოდ განცხადებად დარჩა.
იაკობის განცხადებების შემდეგ უფრო მიზანშეწონილი იქნება, თუ იმსჯელებენ და უშუამდგომლებენ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე პრეზიდენტთან. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს მორატორიუმი აქვს გამოცხადებული, იქნებ, გამონაკლის შემთხვევაში იქნეს შეწყალებული დეკანოზი გიორგი, რათა წარდგეს ის წმინდა სინოდის წინაშე და აბსოლუტურად ყველაფერს ახადოს ფარდა. ითქვას ერთხელ და სამუდამოდ ის სიმართლე, რისი ართქმაც დღეს ყველაზე მეტად აზარალებს საპატრიარქოს“, _ განაცხადა მიხეილ რამიშვილმა www.1tv.ge-სთან..
განიხილება თუ არა მამა გიორგი მამალაძის საქმე სინოდის სხდომაზე, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება _ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თქვა, რომ სხდომა 12 საათზე დაიწყება და იქ გახდება ცნობილი, თუ რა საკითხებზე იმსჯელებენ სინოდის სხდომაზე:
„მთავარი, რაც დამავალა მისმა უწმინდესობამ განცხადებისთვის ისაა, რომ 31 ოქტომბერს ჩაინიშნა სინოდის სხდომა, დღის 12:00 საათზე. ეს არის მისი უწმინდესობის გადაწყვეტილება. მეუფე იაკობი არის წმინდა სინოდის წევრი და ის დაესწრება სხდომას. წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა.
მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი, რა აჟიოტაჟიც მოყვა მის განცხადებებს. მეუფე იაკობი რჩება წმინდა სინოდის წევრად, ის არის ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მის სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს“, _ თქვა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.