„ერთმა დაკარგა სიკეთის კეთების დროს, მეორემ იპოვა და კიდევ უფრო დიდი სიკეთე გააკეთა… “ _ წერს ფეისბუქზე ენმ-ის ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა და იქვე მკერავის მურმან ბჟალავას ფოტოს აქვეყნებს.
„ეს კაცი არის ჩვენი დიდი ხნის მკერავი მურმან ბჟალავა. მთელი რაიონი იცნობს. დღესაც იგივე ადგილზე მუშაობს სადაც დიდი ხნის წინ. გუშინ მურმანი ბიძიამ ჩვენი ოფისის წინ, სკამზე საფულე იპოვა, რომელშიც ამ გაჭირვების დროს საკმაოდ სოლიდური თანხაც იდო. როგორც კი იპოვა ეს საფულე დაუწყო პატრონს ძებნა და მალევე იპოვა, რადგან დაკარგული საფულის პატრონი, რომელსაც მისი მობილურიც საფულეში ედო, შორს არ ცხოვრობს. ეს ქალბატონიც საოცარი სიკეთის მატარებელია, იგი მიუსაფარ ძაღლებს, რომელიც მრავლადაა ლანჩხუთში, პატრონობს. იმ მომენტშიც პური ქონდა ნაყიდი და იქვე ჩამომჯდარი ძაღლებს აჭმევდა, რაც, სხვათა შორის, მეც დავინახე ოფისიდან გამოსვლისას და გული სითბოთი ამევსო, როცა მორჩა სიკეთის კეთებას, საფულე სკამზე დარჩენია. ასე შეხვდა ორი სიკეთე და ორი კარგი ადამიანი ერთმანეთს – ერთმა დაკარგა სიკეთის კეთების დროს, მეორემ იპოვა და კიდევ უფრო დიდი სიკეთე გააკეთა……
დღეს მოვედი ოფისში და ამ ამბავზე ყვებოდა ჩემი ოფისის სამეზობლო, მეც გადავწყვიტე თქვენთვისაც მომეყოლა, რადგან დღეს ყველაზე მეტად სწორედ, ასეთი ადამიანები, სიკეთე და სიყვარული გვაკლია ადამიანებს“,_ წერს კახა ასკურავა.