საქართველოს პარლამენტისა და ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასკომის წევრი შოთა ხაბარელი ფედერაციიდან მის შესაძლო გარიცხვას ,,გურია ნიუსთან“ ეხმაურება. როგორც ხაბარელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, გაუგებარია, თუ რატომ უნდა დადგეს მისი აღმასკომიდან გარიცხვის საკითხი.
,,სიმართლე არ მოსწონთ და როცა სიმართლეზე საუბრობ ვიღაცას სტკივა და განიცდის. ჩემს გარიცხვაზე როდის მსჯელობენ, სულ ცოტა დრო დარჩათ. ყრილობა მალე ჩატარდება და ყრილობის ჩატარების შემდეგ ეს აღმასკომი ვეღარ იფუნქციონირებს. ქევხიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და ვთქვი, რომ შეცდომებისა და გადაცდომების გამო ის უნდა წავიდეს თანამდებობიდან, რაც აღმასკომის წევრებს არ მოეწონათ. რა უნდა დადგეს დღის წესრიგში, ვინ უნდა გადამაყენოს, გაუგებარია“,_ განაცხადა ხაბარელმა.
ცნობისთვის, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასკომის წევრებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ შოთა ხაბარელის აღმასკომის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იმსჯელონ. როგორც ცნობილია, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ჯერჯერობით არ დამდგარა.