“შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგის [შეჩერების შესახებ] გადაწყვეტილებაზე და ქართველების ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივად ჩახშობაზე, – ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს”, _ იუწყება ipn.ge.
ამასთან, რუმინეთის საგარეო უწყება იმედგაცრუებას გამოხატავს ევროკავშირის შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენაზე.
“ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენის არჩევანის გამო. ამ შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების [შეჩერების შესახებ] გადაწყვეტილებაზე და ქართველების ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივად ჩახშობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
უფრო ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა 5 ქვეყანას – უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი, რომლებმაც ” ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე”.
„მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის საჯაროდ გახდა ცნობილი 5 ქვეყნის თაობაზე, თუმცა საბჭოს შემდეგ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრები აკეთებდნენ სანქციების საწინააღმდეგო განცხადებებს ბრიფინგებზე, თუ ინტერვიუების დროს.
„შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.