საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტპატიმრებად მოხსენიებას არ ეთანხმება.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რურუა ცნობილი განგსტერია, უგულავა ყველაზე გარყვნილი პოლიტიკოსი, ოქრუაშვილი კი, „გრუს“ ბაზაზე ამზადებდა სპეციალურ ჯგუფს.
„რომელია პოლიტპატიმარი, განვიხილოთ – ბატონი ოქრუაშვილი, რომელზეც დადასტურებული ვიდეოფაქტები არსებობს, რომ რუსეთში, „გრუს“ ბაზაზე ამზადებდა სპეციალურ ჯგუფს, რათა შემოსულიყო საქართველოში „ნაცმოძრაობის“ დროს;
რურუა, რომელიც ცნობილი განგსტერია და ეს ყველამ იცის. პოლიციამ რა, უკანონოდ დააკავა რურუა? ეჭვებს სჭირდება დასაბუთება;
უგულავა, რომელიც არის ჩვეულებრივი ქურდი, კლასიკური ქურდის ეტალონი. არ მინდა, ვიხმარო ეს ეპითეტი, მაგრამ თავად არ იშურებენ შეურაცხყოფას – ყველაზე ნამდვილად გარყვნილი პოლიტიკოსი ჩვენს რეალობაში, კორუმპირებული, მთავარი ქურდი. 50 მილიონი ლარის ქურდი რატომ არის პოლიტპატიმარი, საზოგადოებას ვეკითხები“, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.