რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში მოლდოვის საელჩოს სამი თანამშრომლის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, კიშინიოვის მხრიდან სამი რუსი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების პასუხად.
რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ცნობით, კიშინიოვმა 2025 წლის მარტის ბოლოს რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი გააძევა და რუსეთი პრორუს დეპუტატ ალექსანდრე ნესტეროვსკის დახმარებაში დაადანაშაულა. მოლდოვის საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურის (SIB) ხელმძღვანელის, ალექსანდრუ მუსტიაცეს განცხადებით, რუსმა დიპლომატებმა ნესტეროვსკი სასამართლო პროცესის წინა დღეს არაღიარებულ დნესტრისპირეთში გადაიყვანეს.
“ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ რუსეთი დაეხმარა ალექსანდრე ნესტეროვსკის, რათა თავი დაეღწია დაპატიმრებისგან. ეს ქმედებები მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდული აგრესიის მექანიზმის ნაწილია, რომლის შესახებაც სპეცსამსახურმა არაერთხელ გაგვაფრთხილა”, – განაცხადა მუსტიაცემ. მოლდოვაში რუსეთის საელჩომ SIB-ის ხელმძღვანელის სიტყვებს “უსაფუძვლო ინსინუაციები” უწოდა.”
მოლდოვის SIB-ის წარმომადგენლებმა აჩვენეს ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ შევიდა ნესტეროვსკის მსგავსი მამაკაცი რუსეთის საელჩოში 18 მარტის საღამოს, ხოლო 19 მარტს რუსული დიპლომატიური ნომრებიანმა მანქანამ დატოვა საელჩო და შემდეგ დნესტრისპირეთში შევიდა.