რუსეთის პარლამენტი, ორი სეპარატისტული რეგიონის, ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის განხილვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
კანონპროექტი 11-მა დეპუტატმა, რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის, ზიუგანოვის ხელმძღვანელობით წარადგინა და განხილვა მომდევნო კვირაში გაიმართება.
რუსეთის დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, მმართველ პარტია “ერთიანი რუსეთი” შეშფოთებულია ამ რეგიონში მცხოვრები რუსების უსაფრთხოებით.
როგორც გამოცემა წერს, რუსეთის დუმის სპიკერმა,მ ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ შემდეგ კვირას რუსეთის პარლამენტი კონსულტაციებს გამართავს, რათა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარების თხოვნით მიმართოს.
მისი თქმით, რუსეთის პარლამენტი რეზოლუციის პროექტს განიხილავს, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთმა ოფიციალურად უნდა აღიაროს დონეცკი და ლუგანსკი, რათა მათი მოსახლეობა გარე საფრთხეებისგან დაიცვას.
როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წერს, კრემლის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოფიციალურად აღიარება განიხილება, როგორც ერთ-ერთი პოტენციური ნაბიჯი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა შეიძლება გადადგას, თუ ის ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, რომელსაც დასავლეთისგან ითხოვს.
Reuters წერს, რომ კრემლი საპარლამენტო ინიციატივას ცივად გამოეხმაურა. დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი ნაბიჯების თავიდან აცილება, რამაც დაძაბულობა შეიძლება გაზარდოს.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია იმ დროს გახდა ცნობილი, როდესაც ჟენევაში ლავროვი-ბლინკენის შეხვედრა მიმდინარეობდა.