რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც იქნება საფუძველი მომავალი ორმხრივი თანამშრომლობისთვის,_ ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
კრემლში აცხადებენ, რომ დოკუმენტს ხელი მხარეებმა რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოაწერეს.
“შარშან, რუსეთში თქვენი ვიზიტის შედეგად, ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი მივიღეთ ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მშენებლობაში. დღეს კი მომზადდა ახალი ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო ჩვენს ურთიერთობებს გრძელვადიან პერსპექტივაში”,_ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
პუტინმა გაიხსენა, რომ რუსეთ-კორეული მეგობრობა გაჭირვების ფონზე ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით 1945 წელს, როდესაც საბჭოთა ჯარისკაცები კორეელ პატრიოტებთან „მხარ-მხარ“ იბრძოდნენ კორეის იაპონელი დამპყრობლებისგან გასათავისუფლებლად.
1950-1953 წლების კორეის ომის დროს საბჭოთა მფრინავებმა ათიათასობით საბრძოლო მისია შეასრულეს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მხარდასაჭერად.
anadolu-ს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ახალი დოკუმენტი ჩაანაცვლებს რამდენიმე წინა შეთანხმებას, მათ შორის 1961 წლის მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას, 2000 წლის მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შესახებ ხელშეკრულებას და 2000 წლის მოსკოვისა და ფხენიანის დეკლარაციას.
უშაკოვის თქმით, ახალი შეთანხმება ასახავს მნიშვნელოვან ცვლილებებს გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში და ორმხრივ ურთიერთობებში რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის.
უშაკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოკუმენტი შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ყველა ფუნდამენტურ პრინციპს, არ იქნება რაიმე კონფრონტაციული ხასიათისა და არ იქნება მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ მიმართული იქნება ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ.