რუსეთის უზენაისმა სასამართლომ “იეჰოვას მოწმეები” ექსტრიმისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და მისი საქმიანობა ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალა. ინფორმაციას გამოცემა Meduza აქვეყნებს.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციის 395 განყოფილების დახურვის ბრძანება.
თავის მხრივ “იეჰოვას მოწმეები” აპელაციის შეტანას გეგმავენ და საჭიროების შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსაც მიმართავენ.
23 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უზენაისი სასამართლო იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის დაკმაყოფილებას აპირებდა და “იეჰოვას მოწმეებს” საქმიანობას აუკრძალავდა. რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ისინი რელიგიური საქმიანობით არღვევენ ქვეყნის ანტიექსტრემისტულ კანონმდებლობას.
„იეჰოვას მოწმეების“ ორგანიზაცია 1931 წელს აშშ-ში „ბიბლიის მკვლევარების“ განხეთქილების შედეგად წარმოიქმნა. 2012 წლის მონაცემებით, რუსეთში ორგანიზაციას 168 683 წევრი ჰყავს.