ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, რუსეთმა ლიბიაში გამანადგურებელი თვითმფრინავები განათავსა.
„რუსული სამხედრო თვითმფრინავები სავარაუდოდ უზრუნველყოფენ მჭიდრო საჰაერო დახმარებას და შეტევით ცეცხლს“,_ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების აფრიკის სარდლობის განცხადებაში, რომელიც ვებსაიტებზე და ტვიტერზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული თვითმფრინავები რუსეთიდან ლიბიაში სირიის გავლით ჩავიდა, სადაც გადააკეთეს რუსული წარმოშობის დასაფარად.
Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაუყონებლივ კომენტარი არ გაუკეთებია.
ლიბიის ეროვნული არმია უარყოფს, რომ ბრძოლაში უცხოელები არიან ჩართული, მაგრამ გაერომ ამ თვეში განაცხადა, რომ ლიბიაში რუსეთის კერძო სამხედრო კონტრაქტორ Wagner ჯგუფს 1200-მდე ადამიანი ჰყავს.
„რუსეთმა დაასაქმა სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული Wagner ლიბიაში, რომ დამალულიყო მისი უშუალო როლი”,_ აცხადებენ შეერთებულ შტატებში.
ამერიკის საჰაერო ძალების გენერალი, ჯეფ ჰარიგიანი ამბობს, რომ თუ ლიბიის სანაპირო ბაზებს რუსეთი დაიკავებს, ევროპის სამხრეთ ფლანგზე უსაფრთხოებას რეალური საფრთხე დაემუქრება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ არც ლიბიას და არც რუსეთის კონტრაქტორ დაჯგუფებას რუსეთის მხარდაჭერის გარეშე არ შეუძლიათ შეიარაღებული ძალების შენარჩუნება.
ლიბიის ეროვნულმა არმიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ახალ იერიშს იწყებს ლიბიის დროებითი მთავრობის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ 4 საჰაერო ხომალდი გაანახლა.