ხარკოვში, ზოოპარკის ორი თანამშრომელი, რომლებიც მარტში, ძლიერი დაბომბვის მიუხედავად, ადგილზე დარჩნენ და ცხოველებზე ზრუნავდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ამასთან დაკავშირებით განცხადება ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
Feldman Ecopark-ის ცნობით, ორშაბათს მიიღეს დადასტურება, რომ თანამშრომლები რუსმა ჯარისკაცებმა დახვრიტეს. ოთახში ნაპოვნია ბარიკადები. როგორც CNN წერს, განცხადების მიხედვით ზუსტი თარიღი, თუ როდის დაიღუპნენ თანამშრომლები, უცნობია.
დაბომბვის გამო ზოოპარკიდან ზოგიერთი ცხოველის ევაკუაცია მოხდა, მათ შორის, ლომების, იაგუარების, ვერცხლისფერი მელიებისა და ჰიენების. ორი თანამშრომელი ადგილზე დარჩა ცხოველების გამოსაკვებად, 7 მარტს კი, როცა ზოოპარკის სხვა პერსონალი ადგილზე დაბრუნდა, თანამშრომლები დაკარგული დახვდათ.
“თანამშრომლებმა ეძებეს ისინი და აცნობეს სამართალდამცავებს. ჩვენ პატივს მივაგებთ ამ შესანიშნავი და მამაცი ხალხის ხსოვნას. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს და მეგობრებს. ჩვენ გვჯერა, რომ არაადამიანები, ვინც ეს ჩაიდინა, აუცილებლად დაისჯებიან!”, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ხარკოვში ომის დაწყების შემდეგ მძიმე დაბომბვები იყო და თავდასხმები დღემდე გრძელდება.