რუსული გამოცემა RTVI წერს, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის, ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს.
გამოცემა ამბობს, რომ აღნიშნულზე მათ კომპანიის დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი ესაუბრა.
მედია წერს, რომ გეგმებში შედის ხუთი ევროპული ქალაქი: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა, სალონიკი.
„დავიწყებთ 15 ივნისს. ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. მაგრამ, ვფიქრობთ, რომ ამ მარშრუტებზე საკმარისი მოთხოვნა იქნება. თბილისის გავლით უფრო მოსახერხებელი და სწრაფი იქნება, ვიდრე სხვა მიმართულებით“, _ განუცხადა RTVI-ს თამაზ გაიაშვილმა.
გაიაშვილი რუსულ გამოცემასთან ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა “თბილად მიესალმა” გადაწყვეტილებას რუსეთთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით და სურვილს გამოთქვამს, აღარასდროს შეწყდეს ეს კავშირი.
მისი პროგნოზით, რუსეთ-საქართველოს შორის მგზავრთა ნაკადი თანდათან აღდგება.
„ბუნებრივია, შევინარჩუნებთ საჰაერო კომუნიკაციას რუსეთთან. საქართველოს მთავრობა ძალიან თბილად შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. ღმერთმა ქნას, რომ ეს აღარასოდეს შეწყდეს.
ვფიქრობ, დრო დასჭირდება, რეკლამა, რომ ხალხმა გაიგოს, რომ ეს არსებობს და მერე, ვფიქრობ, რომ მგზავრები იფრენენ. ნაკადი ეტაპობრივად გაიზრდება, რადგან ახლა მიხვდნენ, რომ პირდაპირი ფრენები გამოჯანმრთელდა და ყველა ნელ-ნელა პირდაპირ რეისებზე გადადის“, – აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.
Georgian Airways-ის დამფუძნებელმა RTVI ასევე ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზეც.
„ჩვენთან მეტჯერ აღარ გაფრინდება. კომპანიამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ასე გააგრძელებს“ – თქვა მან.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ Georgian Airways-ს ბოიკოტს უცხადებს და თავს შეიკავებს ბორტის გამოყენებისგან, სანამ ის აირზენას ხელში იქნება. საპასუხოდ გაიაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის პერსონას ნონ გრატად აცხადებენ და ბორტზე არ დაუშვებენ, ვიდრე ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის.
ავტორი