“რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება!” – დღეს, 20 მაისს, 18:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება.
აქციის მთავარი მოთხოვნა რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმებაა.
“რუსული თვითმფრინავები ევროკავშირში არ ჯდება! რუსული თვითმფრინავი საქართველოს ინტერესში არ ჯდება!
რუსული თვითმფრინავი არაფერში არ ჯდება!
ჩვენი მოთხოვნა უცვლელია – დაუყოვნებლივ შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთთან!
დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ რუსეთთან ფრენები არის წითელი ხაზი ევროკავშირისთვის და ჩვენს ევროპულ მომავალზე უარის თქმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს არის შეურაცხყოფა საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის.
ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი.
რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება!
ყველამ იქონიეთ ბანერები თემის შესაბამისი წარწერით, სახმაუროები – სასტვენები, დოლები, ა. შ.
ხმაურით, ერთად და ბევრმა მოვთხოვოთ ხელისუფლებას და კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირია”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ცნობისთვის, 15 მაისიდან რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენები აღადგინა. გუშინ, 19 მაისს მოსკოვიდან საქართველოში უკრაინის მიერ სანქცირებული რუსულმა ავიაკომპანია “აზიმუტმა” პირველი ფრენა შეასრულა. რუსულ თვითმფრინავს საქართველოს მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ. დღეს, 20 მაისს კი თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირველი ფრენა ჰქონდა ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს.