წელს, ორ წლიანი პაუზის შემდეგ, აღდგომის დღესასწაული ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთით აღინიშნება. ამ უძველესი ეროვნული თამაშის გამო, რომელსაც ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში ორასწლოვანი ისტორია აქვს, „მთელი დუნია“ კვლავაც შეიკრიბება და ტრადიციულად, რამდენიმე საათით, საქართველოს ცენტრალური ტრასა, გადაიკეტება.
სოფლის ცენტრში, სწორედ ამ ავტომაგიტრალზეა ის ადგილი, სადაც შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა საბა, ერთ ფუთიან ლელობურთს ჰაერში აგდებს და ზემო და ქვემო შუხუთლებს შორის დიდი და დაუვიწყარი „რკენაი საკვირველიც“ დაიწყება, რომელიც პანდემიის გამო 2020 წლიდან მოყოლებული აღარ გამართულა.