„ახლა ხომ მაინც დაინახეთ, რას აგაცილეთ თბილისში 2008 წელს“, – ეს განცხადება საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 28 მარტს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში მას შემდეგ გააკეთა, რაც თანამოაზრეებს ბრძოლისკენ მოუწოდა და პარალელები გაავლო საქართველოსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს შორის.
„მივმართავ ახალგაზრდებს, 14 წელი გიყვებოდნენ, რომ მე ვარ კაციჭამია. შემომხედეთ, მე ვარ კაციჭამია, თუ ეს მთავრობა, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიგიყვანათ? თქვენ 14 წელი საჭმლის მაგივრად, განათლებისა და პერსპექტივის მაგივრად, გაჭმევენ პროპაგანდას და სიბინძურეს. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვინ ვარ მე და რა მაქვს გაკეთებული. ახლა ხომ მაინც დაინახეთ, რას აგაცილეთ თბილისში 2008 წელს. ეს მთავრობა რომ ყოფილიყო, გაიქცეოდა იმავე წუთში. მე, როდესაც მეუბნებოდა სარკოზი, წაგიყვან, თუ არადა, ხვალ მოგკლავენო, ვუთხარი, რაც არ უნდა მიქნან, ფეხს არ მოვიცვლი. რუსული ტანკები იდგნენ პრეზიდენტის სასახლიდან 15 წუთის სავალში… მეგობრებო, ვდგავართ მაგრად, ვიბრძვით ბოლომდე“.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო უკრაინის გამარჯვებას უნდა შეხვდეს ახალი მთავრობით, ეროვნული თანხმობის მთავრობით:
„თუ გინდათ, ქოცებიც იყვნენ შიგნით. ჩვენ ამ გამარჯვებას უნდა შევხვდეთ ეროვნული თანხმობის მთავრობით, რომელიც ჩაატარებს არჩევნებს. დანარჩენი მეასეხარისხოვანია. ოლიგარქს უნდა ჩაუჭრას საცეცები ეროვნული თანხმობის მთავრობამ, რომელიც არ აპირებს შურისძიებას, რომელშიც შევლენ სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებიც, რომელიც მოახერხებს მშვიდად, წყნარად ახალი არჩევნების ჩატარებას და შემდეგ საქართველო უკრაინასთან ერთად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობიანად. ახლა გადამწყვეტი წელიწადი და თვეებია. ახლა უკან დახევა არ შეიძლება. მე აქ ამიტომ ჩამოვედი, რომ ვგრძნობდი, ეს მომენტი დგებოდა. და ეს მომენტი დადგა“.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი ვრცელი მიმართვის შემდეგ დატოვა.