“მოგესალმებით ციხის საკნიდან, სადაც ჩამსვეს იმისთვის, რომ თანამედროვე სახელმწიფო შევქმენით, ახალი ქალაქები აღმოვაჩინეთ, რუს ინტერვენტებს წინააღმდეგობა გავუწიეთ და ჩვენი დედაქალაქი არ ჩავაბარეთ.
მე აქ ჩამსვეს და მკლავენ იმისათვის, რომ ეკონომიკა ოთხჯერ გავზარდეთ, ბიუჯეტი 12-ჯერ, პენსიები ათჯერ.
იმისათვის, რომ საქართველოს სიამაყე და ბრწყინვალება დავუბრუნეთ საუკუნეების შემდეგ და კეთილი შურის ობიექტად ვიქეცით მთელი რეგიონისთვის. მე მსჯიან იმიტომ, რომ საქართველო, პირველად ისტორიაში, მსოფლიო კლასის მოთამაშე გახდა და ჩვენ არამხოლოდ საკუთარ ბედს განვსაზღვრავდით, არამედ როგორც თანასწორი, იმ მაგიდას მივუჯექით, სადაც წყდებოდა მსოფლიოს ბედი და იქ ჩვენს სიტყვას წონა ჰქონდა. ეს ვერ აიტანა ჩვენმა მტერმა და ჩვენმა შურით, ღვარძლით აღსავსე შიდა გამყიდველმა.
მე მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება და გავეცალე აქაურობას იმისათვის, რომ არავისთვის ხელი არ შემეშალა და ქართველ ხალხს თავად განესაზღვრა საკუთარი ბედიც და არჩევანიც.
მე წავედი და დავტოვე მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები, რამდენიმე მილიარდი ხაზინაში განვითარებისთვის, ძალიან სწრაფად მოძრავი ეკონომიკა, რომელმაც რამდენიმე წელი ინერციით მაინც გაძლო.
მე დავბრუნდი იმიტომ, რომ დავინახე, რომ ყველაფერი გაჩერდა. დღეს საქართველოს ეკონომიკის მოცემულობა ისეთივეა, როგორც 2012 წელს. ფასები სამჯერ გაზრდილია, სამუშაო ადგილები ორჯერ შემცირებული, ქვეყანა იცლება. და რაც მთავარია, ჩვენს ხალხს წაართვეს არჩევანი და უთხრეს, რომ საქართველოში დემოკრატიული გზით უკვე ვეღარაფერს შეცვლიან. რომ ქართველებს აქვთ მხოლოდ ორი არჩევანი – უსიტყვო მონობა ან მეორეხარისხოვან სამუშაო ძალად წასვლა უცხოეთში.
პირადად ჩემთვის, არჩევანი დღესავით ნათელია – ან სიკვდილი, ან თავისუფლება, იმიტომ რომ საქართველო თავისუფლების გარეშე მოკვდება და მაშინ ჩემს სიცოცხლესაც აზრი ეკარგება”,_ წერია წერილში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ავრცელებს.