უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება სრულიად რეალურია იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ეკონომიკა აღორძინდება _ ეს განცხადება სააკაშვილმა რადიო „ეხო მოსკვის“ ეთერში გააკეთა.
„როცა საქართველო წარმატებული იქნება, ეს ჩემში არავითარ ეჭვს არ იწვევს. რა არის სამხრეთ ოსეთი? იქ მოსახლეობა არ არის _ არის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც რუსეთის სამხედრო ბაზას ემსახურებიან. აფხაზეთში ომამდელი მოსახლეობის მხოლოდ 20 პროცენტი დარჩა. არის რაიონები, სადაც პრაქტიკულად არავინ არ ცხოვრობს. მეორე მხრივ, იქ დაიბადა აფხაზების ახალი თაობა. მათაც უნდათ ნორმალურ პირობებში იცხოვრონ და არა ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეში, ბუნდოვან და გაურკვეველ სიტუაციაში. საქართველოს რომ ეს ტერიტორიები ისევ დაიბრუნოს, წარმატებული უნდა იყოს“, _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოში ახლა სიტუაცია „ძალიან არასახარბიელოა“: „დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველოს ეკონომიკა 0%-ით გაიზარდა. ამიტომ ჩვენ ჯერჯერობით ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვერაფერ ვთავაზობთ“, _ თქვა სააკაშვილმა.



































































