მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე მოითხოვს, რომ ექსპრეზიდენტის სავარაუდო მოწამვლის საქმეზე ექსპერტიზა FBI-მ ჩაატაროს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“გვინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს ეს პროცესები და კიდევ ერთი, ხომ უნდათ ექსპერტიზის ჩატარება? FBI მოიწვიონ და ჩაატარონ, უფრო მეტიც, აღიძრას იქ სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება, ამაზე ვართ თანახმა”, – განაცხადა მან.
ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მათ ახალი შეზღუდვები დაუწესეს. კერძოდ, ოჯახის წევრებს წერილების გამოტანა, ხოლო ადვოკატებს შაბათ-კვირას ექსპრეზიდენტთან შესვლა აეკრძალათ.
“რაც შეეხება ამ მასკარადს, ამაზეც მოვითხოვ, რა რეგულაციებია, პრემიერ-მინისტრის მიერ მსგავსი რეგულაციები გაუქმებულია. ზედმეტი შოუს ელემენტებია. ამის უკან რაღაც დგას, ვითომ, ძალიან დიდი მზრუნველობა მიდის სააკაშვილის მიმართ და ასე შემდეგ”, – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი და ყოფილი ადვოკატი და წამყვანი მარკ ფეიგინი საზოგადოებას მოუწოდებენ, 4 იანვარს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გამართონ.
19 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა სთხოვა. ზელენსკიმ თქმით, “ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა”.
“მივმართავ ქართველ ერს და საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინეთ გულმოწყალეობა, განსაკუთრებით, შობის წინ. ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა. ეს არ შეეფერება საქართველოს. ეს უნდა შეჩერდეს.
გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მის სიცოცხლეს დაიცავს. გადაიყვანეთ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან აშშ-ის რომელიმე კლინიკაში. დროა, გადაიდგას ეს ნაბიჯი!”- თქვა ზელენსკიმ.
წყარო: formulanews