როგორც “რადიო თავისუფლება” იუწყება, რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ. როგორც ის ამბობს, ყოფილი პრეზიდენტი განაგრძობს შიმშილობას. „საკვები არ მიუღია, გეფიცებით ყველაფერს“, – აღნიშნა მან ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად.
ნიკოლოზ ყიფშიძე აღნიშნავს, რომ მას არ უკითხავს სააკაშვილისთვის, მიიღო თუ არა თაფლი, რაც შეეხება წვენს, ექიმის თქმით, სააკაშვილმა წვენი დალია, თუმცა მეტი თანხა არ აქვს ბარათზე მის შესაძენად.
„აქ როგორი სისტემა ყოფილა: გაძლევენ რაღაც ბარათს, რომელზეც არის მგონი 700 ლარი, ამ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი გადაიხადა ტელევიზორსა და რაღაცებში. შემდეგ თვემდე არ ექნება თანხა“, _ განმარტა ექიმმა.
ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, სააკაშვილს უკვე ჩაუტარდა ტესტი და პასუხი არ არის დამაიმედებელი. „რაღაცები მომატებულია. ჩაუტარდა რუტინული კვლევა სისხლის და შარდის. რამდენიმე დღეში საფრთხის წინაშე იქნება. ანემია და პლუს რაღაც ორი…“ – თქვა მან.
ყიფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გარეგნულად არ შეცვლილა, არის ძალიან მხნედ და მოტივირებულია. „თავს გრძნობდა კარგად, რომ ნახოთ, ვერც შეამჩნევთ რომ შიმშილობს. წონაში დაკლებულია“, _ აღნიშნა ექიმმა.
ყიფშიძე, როგორც ამბობს, სააკაშვილს მედიკამენტური დახმარება ჯერ არ სჭირდება. „საუბედუროდ, ჩემი გამოთვლებით შემდეგ კვირაში დასჭირდება. ჯერჯერობით, სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარს აცხადებს“, _ დაამატა მან.