ხალხში გავრცელებულია გამოთქმა, რომ ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელ წელს ისე გაატარებო. ამ სადღესასწაულო დღეებისათვის მართლაც რომ განსაკუთრებულად ვემზადებით და მის დადგომას ყოველთვის მომავალ სასიკეთო ცვლილებებს ვუკავშირებთ.
ახალი წლის წინ ფსიქოლოგები და პარაფსიქოლოგები რამდენიმე განსაკუთრებულ რჩევას გვთავაზობენ.
უპირველეს რიგში საჭიროა, რომ საკუთარი ბინა გავაკრიალოთ. ბინა ძველი ცოცხით უნდა დავგავოთ. შუადღისას ცოცხი სახლიდან რაც შეიძლება შორს უნდა გადავაგდოთ, მისი შემცვლელი კი შესასვლელ კართან, კუთხეში მოვათავსოთ. ეს იმიტომ კეთდება, რომ ოჯახში ფული შემოვიდეს.
საახალწლო სუფრას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. აუცილებელი ატრიბუტი თხილი და თაფლია, რომლებსაც ოჯახისათვის ბარაქა და სიმდიდრე მოაქვს. ასევე მისასალმებელია, თუ სუფრაზე დააწყობთ ფორთოხალს. ფორთოხალი ჩინელებისათვის მატერიალური უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.
ყურადღებით შეარჩიეთ სათანადო მეკვლე. თუ პირველი სტუმარი წარმატებული ადამიანი აღმოჩნდება, თქვენს ოჯახს მთელი წელი წინ სვლა გარანტირებული ექნება.
პარაფსიქოლოგები კატეგორიულად გვიკრძალავენ ახლობელ-მეგობრებისათვის ალკოჰოლური სასმელების ჩუქებას. ამ სახის საჩუქარი თურმე ოჯახის წევრ “ძლიერი სქესის” წარმომადგენლებზე უარყოფითად მოქმედებს და ერთგვარი ჯადოს ფუნქციასაც ასრულებს.
პირველი იანვრისთვის მრავალ ტკბილეულობას ვამზადებთ. მაინც შეეცადეთ, რომ სუფრა საკუთარი ხელით გამომცხვარი თაფლაკვერებით გაამდიდროთ, რადგან ეს კულინარიული ნაწარმი მთელი წლის განმავლობაში ბოროტი ძალების გავლენისაგან დაგიცავთ.
ალბათ ყველას გაინტერესებთ, მომავალი წელი თქვენთვის ფინანსურად მომგებიანი იქნება თუ არა. ამისათვის გთავაზობთ მარჩიელობის ერთ ორიგინალურ წესს, რომელიც შეიძლება ახალი წლის ღამეს გამოიყენოთ.
მოამზადეთ ერთი ზომის 40 პატარა ფურცელი და ისინი ორ ნაწილად გაყავით. ერთ ნაწილს დააწერეთ ფულის ნომინალები ( 1, 2, 5, 10 ლარი), მეორე ნაწილი კი ცარიელი დატოვეთ. ყველა ფურცელი ერთნაირად დაკეცეთ და პატარა ტომარაში მოათავსეთ. შემდეგ კარგად აურიეთ. ჩაყავით მარჯვენა ხელი და რაც შეიძლება ბევრი ქაღალდი ამოიღეთ. თუ ამ გროვაში უფრო მეტი ფულის ნომინალი ქაღალდებია, 2026 წელი ფინანსურად მომგებიანი და წარმატებული გექნებათ.


































































