საავტომობილო გზების დეპარტამენტი გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულებებს არ ასრულებს, რის გამოც კიდევ ერთი გაფრთხილება მიეცა. ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავენ.
“ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია JV “Polatyol & Mapa”, რომელიც აშენებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლით გზას, არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მათ შორის, კომპანია არ გასცემს შრომის ანაზღაურებას დასაქმებულებზე.
სახელფასო დავალიანების გამო, პროექტის ერთ-ერთ მონაკვეთზე სამუშაო პროცესი შეჩერებულია და დასაქმებული პერსონალი გაფიცულია.
კომპანიას კიდევ ერთხელ მიეცა გაფრთხილება და გადაეცა მოთხოვნა შეასრულოს ხელშეკრულებით აღებული ყველა ვალდებულება. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიიღებს ხელშეკრულებითა და კანონით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ ზომას”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.




























































