საქართველოს ეროვნული გუნდისა და იტალიური „ტორინოს“ მცველი საბა საზონოვი საბოლოოდ გამჯანმრთელდა და „ინტერთან“ მატჩისთვის ემზადება. გამოცემა „Toro.it“-ის მტკიცებით, ალესანდრო ბონჯორნო გამოჯანმრთელებას თუ ვერ მოასწრებს, შანსს ქართველი მცველი მიიღებს, რომელსაც მიმდინარე სეზონის სტარტზე არ გაუმართლა.
„თუ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც მიმდინარე სეზონის სტარტზე არ გაუმართლა, ის ნამდვილად საბა საზონოვია. 21 წლის ქართველი მცველი ზაფხულში „დინამო“ მოსკოვიდან მოვიდა. რომში, „ლაციოსთან“ დებიუტი ჰქონდა, შემდეგ კი „ვერონას“ წინააღმდეგ ძირითადში იყო, მაგრამ 27-ე წუთზე მოედნიდან ტრავმის გამო გავიდა. დაზიანება სერიოზული არ იყო, ტურინულ დერბიში კი სათადარიგო სკამზე ყოფნა მოუწია, რადგან სათამაშოდ მზად არ იყო. კვირის განმავლობაში ის ბაზაზე ინდივიდუალურად ემზადებოდა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ბონჯორნო გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს, საზონოვი კიდევ ერთ შანსს მიიღებს ძირითად შემადგენლობაში მნიშვნელოვან მატჩში. მის მიმართ ინტერესი დიდია, რადგან ჩანს, რომ შესანიშნავი თვისებები აქვს.
ჯიჯი ლაზარეთშია, ზიმა მზად არ არის – „ტორინოს“ დაცვაში რაოდენობრივი პრობლემები აქვს. მარცხნივ ადგილი როდრიგესისაა, ცენტრსა და მარჯვნივ სასტარტო შემადგენლობაში ადგილები ბონჯორნოსა და სხუურსს ეკუთვნით. ბონჯორნო ბოლომდე ეცდება „ინტერთან“ რომ ითამაშოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საზონოვის ჯერი დადგება. „ტორინოს“ მე-15 ნომერს შეუძლია როგორც ცენტრში, ისე მარჯვენა ცენტრალურ მცველად თამაში. აქამდე ის მოედანზე ხშირად ვერ ვნახეთ, მაგრამ მზად არის ისარგებლოს დაცვაში არსებული ბევრი პრობლემით“, – დაწერა გამოცემამ.
გუშინ, ნეაპოლელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ „ნაპოლის“ მეკარე ალექს მერეტი დაიცვა.
„ბევრი კრიტიკაა მერეტის მიმართ „ფიორენტინასთან“ გაშვებული გოლის გამო, მაგრამ გინახავთ მენიოს გაშვებული გოლები? გახსოვთ შჩესნიმ რასპადორისგან ფეხებს შორის რომ გაუშვა გოლი? მერეტი „ნაპოლის“ მოჩვენებითი პრობლემაა. გვინდა ამის ნაცვლად ვიქტორ ოსიმენზე ვისაუბროთ? ვინ დაკარგა ბოლონიაში სამი ქულა? ვინ ვერ გამოიყენა რეალური მომენტი „ფიორენტინასთან“? მაგრამ ოსიმენს არავინ ეხება… მან 6 გოლი გაიტანა, მაგრამ 2 პენალტით, რომ აღარაფერი ვთქვათ კვარაცხელიაზე, რომელიც გამქრალია“, – თქვა კიარიელომ.
ნიდერლანდური გამოცემა „Soccernews“ ამსტერდამის „აიაქსში“ გიორგი მიქაუტაძის პრობლემას შეეხო
“სანაკრებო პაუზის დროს გიორგი მიქაუტაძემ მოახერხა ის, რაც ჯერ „აიაქსის“ მაისურით არ გაუკეთებია: გოლები გაიტანა. ქართველმა თავდამსხმელმა ამით აშკარად გამოიკეთა ხასიათი და არაა გამორიცხული, უახლოესი კვირების განმავლობაში ამსტერდამელთა რიგებშიც პირველ პლანზე გამოვიდეს. დიახ, შესაძლოა, დღეს ეს მოულოდნელად ჟღერდეს, თუმცა, შესაძლოა, სწორედ მან იხსნას „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი მაურის სტეინი პოსტიდან დათხოვნისგან.
გასაგებია, რომ ამ უკანასკნელს ქართველ ახალწვეულთან არცთუ ჯანსაღი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, თუმცა, ბოლო მოვლენებმა ცხადყო, რომ სწორედ მიქაუტაძეს შეუძლია „აიაქსის“ დღევანდელ რეალობაში და შესაბამისად, მწვრთნელის დასახმარებლადაც ბევრი რამ შეცვალოს. ამისთვის, მისი კლუბში სწორად გამოყენებაა საჭირო.
არსებული მჭიდრო გრაფიკის გათვალისწინებით, სტეინის მხრიდან სწორი საქციელი იქნება, თუკი ის ქართველ შემტევს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გამოიყენებს. ამ შემთხვევაში, ბრაიან ბრობიც მეტ კონკურენციას იგრძნობს და ეს, ყველასთვის კარგია. იქნებ, ამ შემთხვევაში, ბრობიც გამოფხიზლდეს და გოლების გატანა დაიწყოს, მიქაუტაძეს კი ბოლო-ბოლო მიეცემა შანსი, ნიდერლანდურ პუბლიკასაც აჩვენოს, როგორია მისი საგოლე ინსტიქტები”, – დაწერა გამოცემამ.
ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში „აიაქსს“ მხოლოდ 5 ქულა გააჩნია და მისთვის უჩვეულო მე-16 ადგილზე იმყოფება. ამსტერდამელები მომდევნო თამაშს 22 ოქტომბერს სტუმრად უტრეხტთან ჩაატარებენ.
32 წლის ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია კი ევროლიგის მესამე ტურის უძვირფასესი მოთამაშე გახდა.
შენგელიას შედეგიანი მატჩი ჰქონდა ბერლინის „ალბასთან“, რომელიც მისმა კლუბმა 87:76 მოიგო.
ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 27:22 წუთში 26 ქულა, 4 მოხსნა და 3 გადაცემა მიითვალა.
შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა და ეს, ტურში საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.
საინტერესოა, რომ შენგელიას ევროლიგის 11 სეზონში უკვე 225 მატჩი აქვს ჩატარებული, საუკეთესოს ტიტულის მფლობელი კი მეშვიდედ გახდა.
ავტორი