ჩოხატაურში, მუნიციპალიტეტის მერიისა და სამრევლო სკოლის მიმდებარედ არსებულ გზაჯვარედინზე, დღეს დილით მომხდარი შემთხვევის შედეგად სკოლის მოსწავლემ მცირედი დაზიანება მიიღო. საქმე ისაა, რომ დილით სკოლაში მიმავალ ბავშვს მანქანა დაეჯახა. თვითმხილველთა თქმით, უფრო პირიქით მოხდა, ბავშვი შეასკდა თვითგორვით მიმავალ ტრანსპორტს.

მომხდარი შემთხვევიდან გამომდინარე, მძღოლები, რომლებიც მოსწავლეთა გადაყვანას ემსახურებიან უკმაყოფილებას გამოთქვამენ აქ არსებული ქაოტური მდგომარების გამო და საკითხის მოწესრიგებას ითხოვენ. საქმე ისაა, რომ სამრევლო სკოლაში, ასევე, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებიც (პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით) გადიან სასწავლო პროცესს და დილაობით მიმდებარედ ტრანსპორტისა და ადამიანთა სიმრავლეა, მოძრაობა კი მოუწესრიგებელი.
„დილაობით ამ გზაჯვარედინთან საშინელი მდგომარეობაა, მშობლების დიდ ნაწილს საკუთარი მანქანით მოჰყავთ შვილები სკოლაში, ლამის, მერხთან მიიყვანონ, ისეთი მდგომარეობაა. სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური შარშანდელ დიდთოვლობას გაჰყვა. ხანდახან მანქანა ისე ჩაიქროლებს, ნომრის კი არა, მარკის გარჩევა გაგიჭირდება.
ამ ყველაფერთან ერთად ცხაურებიც საშინელ მდგომარეობაშია, რამდენიმე დღის წინ ამოყირავდა და ბავშვი ჩავარდა შიგ. ჩვენი ერთ-ერთი „მარშუტკაც“ ჩავარდა ცალი საბურავით, ძვლივს ამოვიყვანეთ.
მოკლედ, მოსაწესრიგებელია აქაურობა. ამჯერად, საბედნიეროდ, მშვიდობიანად გადავრჩით, მაგრამ რამე ცუდი რომ მომხდარიყო, ხომ გაუბედურდებოდნენ ადამიანები?! დროა აქ არსებულ მდგომარეობას ყურადღება მიექცეს, რომ ბავშვებმაც და ჩვენ, მძღოლებმაც დაცულად ვიგრძნოთ თავი“, _ ამბობენ მძღოლები, რომლებიც ჩოხატაურის მართლმადიდებლური და პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეთა გადაყვანას ემსახურებიან.
სამრევლო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პრობლემის თაობაზე „გურია ნიუსი“ ჩოხატაურის მერს, მინდია ჟღერიას დაუკავშირდა, რომელიც ადასტურებს, რომ პრობლემა გადაჭრას საჭიროებს.
მერის თქმით, ცხაურების მოსაწესრიგებლად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რაც შეეხება ავტოტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგების საკითხს, ამ კუთხითაც არის მსჯელობა.
„კონკრეტულ ვადებს ვერ გეტყვით, თუმცა, ვგეგმავთ, რომ ამ ტერიტორიაზე სექციური სიჩქარის კონტროლის კამერები დამონტაჟდეს. ასევე, გზის საფარ ნაწილზე აუცილებლად გაკეთდება სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერი“, _ გვითხრა ჩოხატაურის მერმა.
ავტორი































































