საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში, პოლიციამ დააკავა საქართველოს მოქალაქე, 25 წლის ქალი, რომელმაც, ბერძნული მედიის ცნობით, ნაგვის ურნაში რამდენიმე დღის ჩვილი, საკუთარი შვილი გადააგდო.
შემთხვევა კალამატაში დღეს, 18 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. ბერძნული მედიის ცნობით, ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა ქალმა, რომელიც დილით ნაგავს ყრიდა. მან ნაგვის ბუნკერში, ჩანთაში ახალშობილი იპოვა და პოლიციას აცნობა.
ახალშობილი ბიჭია. იგი კალამატას საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
კალამატას მერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ახალშობილი იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან დღეს ქალაქში დასუფთავების მანქანებს, რომელთაც ნაგავი გააქვთ, შემოვლა დააგვიანდათ. დასუფთავების თანამშრომლები ნაგვის გატანისას, მანქანის ხმაურში ვერ გაიგებდნენ ბავშვის ხმას. კალამატაში ნაგავი ქალაქის დასუფთავებისას იპრესება და ისე გადააქვთ.
წყარო: “ბათუმელები”