ვივა მედთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან. ადგილზე იმყოფება ენმ-ს ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ასევე მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები. როგორც ლევან ხაბეიშვილი ამბობს, ვივა მედი მესამე პრეზიდენტის სხეულის მასის მონაცემებს ხელოვნურად ცვლის იმ მოტივით, რომ ის რეანიმაციაში არ გადაიყვანონ:
“პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და მას არ ექცევიან როგორც პატიმარს. მას ექცევიან როგორც პოლიტიკურ ოპოზიციონერ ლიდერს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ნებისმიერ სხვა პაციენტს ამ მაჩვენებლებით გადაიყვანდნენ რეანიმაციაში, მაგრამ არ გადაჰყავთ იმიტომ რომ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, რომელმაც უნდა გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი ამ მდგომარეობიდან და სასამართლოსთვის არ უნდათ დამატებით არგუმენტი რომ აი, იმდენად მძიმეა რომ რეანიმაციაში გადაყვანა უწევთ, არადა ვხედავთ, რომ სასამართლო პროცესებზე 100 მეტრში ვერ მოჰყავთ. ისინი დანის პირზე დადიან და აკეთებენ ყველაფერს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს და ახლა მე როგორც შევიტყვე ექიმებისგან, პრეზიდენტ სააკაშვილის სიმაღლე აქვთ დაპატარავებული საბუთებში იმიტომ, რომ კრიტიკულ ნიშნულს არ ჩამოცდეს მისი პარამეტრები . ანუ- 1 მეტრი და 94 სმ-ია პრეზიდენტი სააკაშვილი და 68 კგ რეალურად. ამბობენ, რომ 1,92-სმ-ა. 2 სანტიმეტრი კიდევ მოაკლეს იმიტომ, რომ პარამეტრები შეინარჩუნონ” ამბობს ხაბეიშვილი.
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებიან მისი ადვოკატები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის რეანიმაციულ განყოფილებაში უნდა გადაიყვანონ, თუმცა კლინიკა ვივა მედი ამას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს.
წყარო: მთავარი არხი