აზრიანად და სიყვარულით შერჩეული საჩუქარი ოჯახისა და ურთიერთობის სასიკეთოდ მუშაობს.
ლამაზად შეფუთულ საჩუქარს დიდი ეფექტი აქვს – ზღაპრულ, გამოუცნობ ელფერს იღებს. მთავარია, შეფუთვა მის შინაარსს შეესაბამებოდეს. თუ მოკრძალებული ნივთი მიგაქვთ, მისი დიდებულად მორთვა არ ღირს – ესთეტიკური დისონანსი და გაცრუებული მოლოდინი იქნება.
საჩუქრად კიდევ ერთი პლუშის სათამაშოს ან ბანალური პარფიუმერიის ნაკრების მიღება დიდი სიხარულის მომგვრელი არ არის. საჩუქარი დღესასწაულის შესატყვისი უნდა იყოს და არა – ვალის მოხდის გამომხატველი. თუ საკუთარი იდეების დეფიციტი გაქვთ, ინტერნეტში მოძებნეთ, დაურეკეთ ნაცნობებს, რომლებიც კრეატიულად აზროვნებენ და ახლობლებს რაღაც განსაკუთრებულით რეგულარულად ახარებენ. მაგრამ ზედმეტი ორიგინალობა სასარგებლო არ არის. საჩუქარი იმ პიროვნების ცხოვრების წესსა და მსოფლგაგებას უნდა შეესაბამებოდეს, ვისაც უნდა მიართვათ.
არასწორია, თითქოს რაც უფრო ძვირადღირებულია, მით უფრო სასურველია. სიხარულის მინიჭება მინდვრის ყვავილების თაიგულს, ლამაზ სამშვენისს, საჩუქრის ყუთიდან ამომძვრალ პაწია ლეკვსაც (კნუტს) შეუძლია. საქმე არა – ღირებულებაში, არამედ ადამიანის განზრახვასა და გრძნობის გულწრფელობაშია.
მაგრამ ზოგჯერ საჭიროა დიდი საჩუქრის გაკეთებაც, რათა თქვენი ღრმა გრძნობა და მომენტის მნიშვნელობა (საიუბილეო თარიღი, სამსახურში დაწინაურება, სკოლის ან ინსტიტუტის დამთავრება, ხანგრძლივი ჩხუბის შემდეგ შერიგება) ხაზგასმით აღნიშნოთ.
ეკონომიის გაკეთება არ ღირს საჩუქრებზე, თუ მირთმეული ნივთი მაინც სახლში რჩება და სასიამოვნო სიურპრიზში რაც უნდა ჩადოთ, ანაზღაურდება, მაგალითად, მაღალხარისხოვანი კოსმეტიკის ნაკრები ცოლს არამხოლდ უფრო ლამაზსა და ახალგაზრდას გახდის, ასევე ცოლ–ქმარს შორის ურთიერთობას გააუმჯობესებს, პარტნიორებს ახალ ემოციურ იმპულსს გადასცემს. და როდესაც ადამიანს მისთვის სასურველს მიართმევთ, ამით ჭეშმარიტად ბედნიერს გახდით. ბედნიერებას ჩუქნით და განა ფასზე დაფიქრება ღირს?! ის ხომ შეუფასებელია!