მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა, ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ, შესაძლებელია 3 ქალაქის პირობებში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, მართლაც გაგრძელდეს სხვადასხვა სივრცეებში, მათ შორის, სასტუმროებშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ყველაფერი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედი კლინიკური ჯგუფის პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება.
„მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს შექმნილი კლინიკური ჯგუფი, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვთხოვეთ და ეს ყველაფერი მათი პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება, ეს შესაძლებელია, ასეთი გეგმა გვაქვს,”- განაცხადა პრემიერმა.