გუშინ ამერიკულმა საკალათბურთო გამოცემამ „8points9seconds“ საქართველოს ეროვნული გუნდისა და „ინდიანას“ თავდამსხმელ გოგა ბითაძეზე ისაუბრა და ქართველი ამჟამინდელი კლუბიდან წამსვლელთა სიაში მოიაზრა.
„გოგა ბითაძეს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და პროდუქტიულობაც აკლია. ამ მომენტში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბითაძე მომავალი სეზონისთვის მწვრთნელის გეგმებში შედიოდეს. გუნდში არის მაილს ტერნერი, ასევე, აიზიე ჯექსონის გამოჩენის შემდეგ არ ჩანს მკაფიო გზა, სადაც ბითაძეს რეგულარული სათამაშო დრო ექნება. სწორი იქნება, თუ „ინდიანა“ ბითაძეს „სან ანტონიოს“ დრაფტის მე-20 ნომერში გაუცვლის. ეს მომგებიანი იქნება ორივე გუნდისთვის. ვფიქრობ, „სან ანტონიოს“ ახალგაზრდა ცენტრი სჭირდება, რომელსაც დრაფტის შემდეგ რეგულარული სათამაშო დრო არ ჰქონია და თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენს, „ინდიანა“ კი დრაფტზე მე-20 ნომრის აყვანით გამთამაშებლის პრობლემას მოაგვარებდა“.
საქართველოს ნაკრებისა და კლუბი „ტენერიფეს“ შემტევმა გიორგი შერმადინმა კი საკუთარი მომავალი უკვე განსაზღვრა. ქართველი ესპანურ მასმედიას ესაუბრა და შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ვფიქრობ, რომ კარიერას „ტენერიფეში“ დავასრულებ. თუ კლუბს ვენდომები, აქ სამუდამოდ დავრჩები. სხვაგან წასვლას არ ვაპირებ. „ტენერიფე“ ჩემი ბოლო გუნდი იქნება. ჩემი ოჯახი აქ თავს კარგად გრძნობს. ჯერჯერობით ამაზე ბევრს არ ვფიქრობ. არ ვიცი კიდევ რამდენი წელი ვითამაშებ კალათბურთს.“
გუშინ ესპანურმა გამოცემამ „DeporteValenciano“ გიორგი მამარდაშვილს მორიგი წერილი მიუძღვნა.
„ვალენსიაში გიორგი მამარდაშვილის ისტორია ნამდვილად საოცარია და ამასთან, შესასწავლიც. წარმოუდგენელია, როგორ მოხვდა ეს ფეხბურთელი ჩვენთან, როგორ აღმოაჩინეს მისი პოტენციალი. მას გარკვეულწილად გაუმართლა კიდეც. გავიხსენოთ, რა პირობით მოვიდა გუნდში და როგორ აღმოჩნდა პირველად ძირითად შემადგენლობაში. სეზონის დასაწყისში ორივე მეკარე ტრავმირებული იყო და ბორდალასმა „ვალენსიას“ კარის დაცვა მამარდაშვილს ანდო, სხვა არჩევანი არც იყო.
მსოფლიოში, შეიძლება ბევრ ფეხბურთელს ჰქონდეს პოტენციალი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, არავინ მოგცემთ ამ პოტენციალის გამოსავლენად თავდაჯერებულობას და დარჩებით იქ, სადაც ხართ. ამ მიმართულებით ბორდალასმა შესანიშნავად იმუშავა. იმ პერიოდშიც კი, როცა ყველა მეკარე სათამაშოდ მზად იყო, მან არჩევანი მაინც მამარდაშვილზე შეაჩერა.
ქართველი მეკარე რამდენიმე თვის წინ, ფართო საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი იყო, ახლა კი, 2022 წლის 23 აპრილს, ესპანეთისსამეფო თასის ფინალში მას შეუძლია გახდეს „ვალენსიას“ ისტორიის ნაწილი. ეს წარმოუდგენელია!“
გუშინ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად დაადასტურა რომ მომავალი სეზონიდან გუნდს სათავეში ამსტერდამის „აიაქსის“ ამჟამინდელი დამრიგებელი ერიკ ტენ ჰაგი ჩაიბარებს. ნიდერლანდელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2025 წლის სეზონის ბოლომდე გაფორმდა და ის ძალაში 2021/22 წლების სეზონის დასრულებისთანავე შევა.
ესპანური გამოცემა „Mundo Deportivo“-ს მტკიცებით, ლეო მესიმ შესაძლოა ევროპის კონტინენტი 2023 წელს დატოვოს. არგენტინელი თავის მომავალზე გადაწყვეტილებას მომავალი სეზონის ბოლოს მიიღებს, როდესაც პარიზელებთან ორწლიანი კონტრაქტი ამოიწურება.
არგენტინელს ხელშეკრულებაში 2+1 უწერია და თუ მხარეები შეთანხმდებიან კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით ავტომატურად გაგრძელდება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მესიმ საფრანგეთში დარჩენა მოისურვოს.
ფეხბურთელს არჩევანის გაკეთება მოუწევს ევროპაში კიდევ ერთი წლით დარჩენასა ან ამერიკულ „MLS“-ში კარიერის გაგრძელებას შორის. ასევე არის არგენტინის ჩემპიონატის ვარიანტიც, სადაც მას მშობლიური „როსარიო“ ელოდება.
და ბოლოს, კვლავ კალათბურთი. ახლო წარსულში გაჩენილი მოთამაშე სკოტი პიპენის ვაჟმა სკოტი პიპენი-უმცროსმა გადაწყვიტა საკუთარი კანდიდატურა 2022 წლის NBA-ს დრაფტზე დააყენოს.
21 წლის მოთამაშემ თავისი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში უკვე გაავრცელა. ამ სეზონში უმცროსი პიპენი NCAA-ს სამხრეთ-აღმოსავლეთის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა – საშუალოდ მატჩში 20.4 ქულას აგროვებდა.
ავტორი