საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის ახალი და საუკეთესო აეროპორტის ასაშენებლად ტერიტორიის კვლევა დაწყებულია. ეს არ არის ახალი ინფორმაცია, თბილისში ახალი აეროპორტის საჭიროებაზე რამდენჯერმე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
“ეს არის ჩვენი, მე ვიტყოდი საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ გვაქვს დღეს ამის საშუალებაც, გამოცდილებაც და რაც მთავარია, მიზანი, რომ გავხდეთ რეალურად რეგიონში საავიაციო ჰაბი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანას აქვს ამის პოტენციალი.
[არსებულ] აეროპორტს აქვს თავისი მინუსები, შეზღუდვებიც და რეალურად, ვერ იძლევა დიდი განვითარების შესაძლებლობას… [ახალი აეროპორტისთვის] ადგილი თბილისში არის, შეიძლება ითქვას იდეალური ამ მიზნით, ვაზიანის ყოფილი აეროდრომი”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიმართვის დასრულებამდე მან დააკონკრეტა, რომ ახლა განიხილება ორი გეგმა: უკვე არსებულის გაფართოება ან ახლის აშენება.
საქართველოს ყველაზე დიდი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში მდებარეობს. ბოლო რამდენიმე კვირაა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არსებული სივრცე არ იძლევა გაფართოების შესაძლებლობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის პირველ სამ თვეში ეს აეროპორტი 733 ათას მგზავრს მოემსახურა.