ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, მხილებულ იქნა სამი წევრისგან შემდგარი ჯგუფი, _ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თავის ოფიციალურ გვერდზე საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები, გაყალბებული, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში მდებარე 3 263 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ბრალდებულებმა, ნაკვეთი თავის სახელზე დაარეგისტრირეს და მისი ერთი ნაწილის – 1 263 კვ.მ – ის რეალიზაცია მოახდინეს. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დამნაშავე პირები იმ მომენტში ამხილეს, როდესაც ისინი მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთის მეორე ნაწილის – 2 000 კვ.მ-ის რეალიზაციას ახდენდნენ.
გამოძიების ამ ეტაპზე დაკავებულია ორი პირი, ხოლო ერთი – მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.