ოზურგეთის პედაგოგთა პროფკავშირული ორგანიზაციის, სასკოლო რესურსცენტრისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით, საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს იმ მრავალშვილიან პედაგოგებს, ვისაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ.
ღონისძიება გახსნა და პედაგოგებს დედის დღე მიულოცა პედაგოგთა პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, როზა გოგუაძემ.
მრავალშვილიან პედაგოგებს დედის დღე მიულოცა რესურსცენტრის უფროსმა, ლელა იმედაშვილმა.
_ საბედნიეროდ, ასეთი მუნიციპალიტეტში 217 პედაგოგი აღმოჩნდა, ამიტომ კრიტერიუმად განისაზღვრა ოთხი და მეტშვილიანი პედაგოგი დედების დაჯილდოება. ღმერთმა გამრავლოთ. თქვენ აკეთებთ უდიდეს საქმეს და ამასთანავე საზოგადოებრივ საქმიანობაშიც აქტიურად ხართ ჩაბმული. ეს არის უდიდესი საქმე. მთელი გულით მინდა, გითხრათ მადლობა, _ თქვა მან.
მასწავლებლებს სხვადასხვა მხატვრული ნომრებით მიულოცეს დღესასწაული მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ მაია თოთიბაძის ხელმძღვანელობით. მათთვის იმღერეს ანსამბლ „ბინულის“ წევრებმა.
მუნიციპალიტეტის მერიის კულტური სამსახურის უფროსმა მარინა ჯაფარიძემ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მრავალშვილიან პედაგოგ დედებს: შემოქმედელ მასწავლებლებს, ექვსი შვილის დედას, ია თოიძეს და ხუთი შვილის დედას, ნატო ერქომაიშვილს. მელექედურელ პედაგოგს, ოთხი შვილის დედას, სალომე ხინთიბიძეს. ლიხაურის სკოლის პედაგოგს, ოთხი შვილის დედას, თეა კილაძეს და სხვებს.
თავის მხრივ, პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს და თავადაც მიულოცეს გაზაფხული.