საქართველოში ახალი წლის ტრადიციები საკმაოდ მრავალფეროვანია და ყველა კუთხეს თავისი დამახასიათებელი წესი თუ ადათი აქვს.
თუმცა არის ტრადიციები, რომლებიც ერთ კუთხეში შეიქმნა, მაგრამ მალევე მთელ ქვეყანაში გავრცელდა და ახალი წელი მათ გარეშე ვეღარ წარმოგვიდგენია.
საქართველოში ჩიჩილაკის დადგმის ტრადიცია ქრისტიანულ ეპოქას უკავშირდება, კერძოდ, წმინდა ბასილის სახელს. ახალი წელი „წმინდა ბასილის დღედ“ მოიხსენიებოდა, რადგან მისი ხსენების დღეს მართლმადიდებლური ეკლესია სწორედ ახალი წლის პირველ დღეს აღნიშნავს. როგორც ჩანს, საუკუნეების წინ ქართველებმა ჩიჩილაკის ბურბუშელები წმინდა ბასილის თეთრ წვერს დაუკავშირეს, ხეს ქრისტიანული დატვირთვა მიანიჭეს და მას „ბასილას წვერები“ უწოდეს.
ახალ წლამდე ორი კვირით ადრე თხილის გრძელ ჯოხს ჭრიდნენ და წყალში ალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამეს ცეცხლზე დაბრაწავდნენ და კანს გააცლიდნენ. ბოლოს თლიდნენ და თეთრი ფერის „ბასილას წვერებიც“ მზად იყო.
ჩიჩილაკს, ისევე როგორც ყველა სიმბოლოს, თავისი დანიშნულება აქვს. ხე ნაყოფიერების ნიშანია, ბურბუშელები მზის სხივებს განასახიერებს. ჩიჩილაკის თავზე დამაგრებული ჯვარი კი რწმენის სიმბოლოა.