კორონავირუსთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. აკრძალვა მიკროავტობუსებს, ავტობუსებსა და მატარებლებით მგზავრობას ეხება. თუმცა, იკრძალება ქალაქიდან ქალაქში ავტომანქანებით გადაადგილება. საბჭოს რეკომენდაციები ეხება ტაქსებსაც. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურული არ უნდა იყოს. ასევე, მძღოლმა უნდა გადაიყვანოს მაქსიმუმ ორი მგზავრი, რომლებიც მოთავსებული იქნებიან უკანა სავარძელზე დისტანციის დაცვით. ეს გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევა გამოვლინდა.
„საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული დამატებითი გადაწყვეტილებები და ეს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას გულისხმობს. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე. ამიტომ ვზღუდავთ ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაყვანას“, – განაცხადა გუშინ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 61 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.