„საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან”, _ განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ დღეს, ვენეციის კომისიის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის შესახებ მომზადებულ ვენეციის კომისიის დასკვნაზე იმსჯელეს.
ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, კონსტიტუციური რეფორმა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და საქართველო უახლოვდება ახალ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. „კონსტიტუციური რეფორმა არის ძალიან კარგი წინგადადგმული ნაბიჯი. როგორც ვთქვი რამდენჯერმე, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან. ნაბიჯ-ნაბიჯ, ახლა, საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. საკონსტიტუციო ცვლილებების უმეტესობას ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა.
არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც, შესაძლოა, განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ, ვფიქრობ რომ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე მისასვლელად, სწორ გზაზე ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი გამოძებნის საუკეთესო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის”,- აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი ყველაფერს აკეთებს ფართო კონსესუსის მისაღწევად.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კარგი კონსტიტუცია იქნება დაფასებული და სასარგებლო ქვეყნისთვის. თქვენ გჭირდებათ რაც შეიძლება, ფართო კონსესუსი და ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტი ყველაფერს აკეთებს ამის მისაღწევად. რა თქმა უნდა, პოლიტიკა ყოველთვის იდეალური სამყარო არ არის, ყოველთვის არსებობს დაძაბულობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით ვითარდება”, _ განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.