საქართველოს პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 42 საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. აღნიშნული განცხადება შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, შეწყალების კომისიამ 866 პირის საქმე განიხილა, რომელთაგან 421 შეწყალებისთვის დებულებით განსაზღვრულ სასჯელის ვადებს აკმაყოფილებდა.
„2018 წლის 19 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით მუშაობდა შეწყალების საკითხთა კომისია. კომისიამ სულ 866 პირის საქმე განიხილა, მათგან 421 პირის საქმე იყო არსებით განხილვაზე, ისინი აკმაყოფილებდნენ ვადით, დებულებით განსაზღვრულ შეწყალებისთვის აუცილებელ სასჯელის ვადებს და მივაწოდეთ რეკომენდაციები პრეზიდენტს, რომელმაც ამ რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილებნა და დღეს შეიწყალა 111 მსჯავრდებული.
42 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, მათ შორის არის 3 ქალი და 1 არასრულწლოვანი მსჯავრდებული, დანარჩენ 69 მსჯავრდებულს სხვადასხვა დროით შეუმცირდათ საპატიმრო სასჯელი. მათ შორის 4 არის ქალი მსჯავრდებული და 6 არასრულწლოვანი“,_განაცხადა ქორიძემ.