საქართველოს ყველა მიღწევა, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, რეგიონში ლიდერის პოზიცია მრავალი მიმართულებით, სწორედ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შედეგია, რაც კონსტიტუციითა და პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციით არის გამყარებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დინამიკური და ყოვლისმომცველი გახდა ნატო-საქართველოს ურთიერთობები.
„საქართველო ნატო-ს ასპირანტი ქვეყანაა, იგი გახლავთ ალიანსის „გაზრდილი შესაძლებლობების პარტნიორი“ და ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში ნატო-ს მისიაში, რითაც თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა საერთაშორისო ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ის 21-ე საუკუნეში ყველასთვის საერთო მტერია.
„ამ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო იდგა და ყოველთვის იდგება საერთაშორისო საზოგადოების გვერდით. სამწუხაროდ, მრავალი რჩეული ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა ამ გლობალურ ბრძოლას. ყველა ვთანხმდებით, რომ ტერორიზმთან ბრძოლა მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითა და პასუხისმგებლობის გაზიარებით არის შესაძლებელი, ისევე როგორც მისი პრევენცია და მასზე ადეკვატური რეაგირება. მე მჯერა, რომ საერთაშორისო ძალისხმევით ჩვენ დავამარცხებთ ამ საერთო გამოწვევას”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა.