6 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.87%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.64%.
დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს, ტესტირებულთა საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს დაუდგინდა კორონავირუსი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სწორედ ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული ქვეყანაში იმ შეზღუდვების მოხსნა ან შემსუბუქება, რომელიც ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედებს. სტაბილური ეპიდვითარების პირობებში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 799 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 253 614-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 283 პირი ემსხვერპლა.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 404 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 262 024-ს.
შეგახსენებთ, მთავრობამ 4 თებერვალს შეზღუდვებს დაგეგმილზე ადრე გაუქმება გადაწყვიტა, თუმცა, მათი მცირე ნაწილი კვლავ ძალაში რჩება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.