ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სისტემურ პოლიტიკურ კრიზისზე მიანიშნებს, რაც დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის ხელისშემშლელია.
აუსტრევიჩიუსმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველო ქებას იმსახურებს ღია ეკონომიკისთვისა და სტრუქტურული რეფორმების ძალისხმევისთვის, თუმცა ქვეყანას კიდევ ბევრი სამუშაო აქვს შესასრულებელი პოლიტიკურ სფეროში.
„მივესალმები საქართველოში შარლ მიშელის დროულ ვიზიტს. დაპირისპირების არც ერთმა მხარემ არ უნდა განიხილოს 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობა, როგორც კარტ-ბლანში. ასეთი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მოითხოვს ჩართულობას, კომპრომისს, ურთიერთპატივისცემას. საქართველოში პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა გაიაზრონ, რომ მოქალაქეების ნდობა მთავრობისა და საჯარო ინსტიტუტებისადმი, დამოუკიდებელი სასამართლოსა და მედიისადმი მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.