დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ ვაქცინაცია, დიდი ალბათობით, მომავალ კვირაში დაიწყება.
მისივე თქმით, „სინოვაკი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მინიჭებას ელოდება, თუმცა აღნიშნულ ვაქცინას საკმაოდ კარგი პირველადი შეფასება აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის მხრიდან.
„ეს საკითხი განხილული იყო იმუნიზაციის საბჭოს ბოლო სხდომაზე. „სინოვაკი“ არის მეორე ჩინური ვაქცინა, რომლითაც ჩინეთი გადის საერთაშორისო ასპარეზზე. ისე კი, ჩინელებს მეტი აქვთ, რომელსაც შიგნით, ეროვნულ დონეზე იყენებენ. ამ ვაქცინის 100 000 დოზა ჩინეთმა აჩუქა საქართველოს. ამ ვაქცინით უკვე აცრილია 100 მილიონზე ბევრად მეტი ადამიანი, როგორც ჩინეთში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ, ამ ვაქცინით ადმინისტრირების დაწყება დაგეგმილია მომავალ კვირაში.
ესეც არის ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინა, რომელიც ასევე გამოიყენება 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში. „სინოფარმისგან“ განსხვავებით, მეორე დოზის გაკეთება უფრო ადრე, 14-დან 28 დღემდე შეიძლება. სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებთან შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს.
რამდენიმე იურიდიული საკითხია მოსაწესრიგებელი და დიდი ალბათობით, მისი ადმინისტრირება მომავალ კვირაში დაიწყება. უახლოეს ხანში ველოდებით, რომ „სინოვაკიც“ მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის საკმაოდ კარგი პირველადი შეფასება აქვს „სინოვაკსაც“. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობისთვის დაახლოებით ერთი კვირის ფარგლებში ისიც ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.