ე,წ, ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი, მია ზოიძე სოციალურ ქსელში მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ წერს.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, დიდხნიანი პაუზის შემდეგ დეკანოზი ციხეში მოინახულა. მია ზოიძის თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ხელ-ფეხი გაჩერებული აქვს და სასწრაფოდ სჭირდება კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.
“დიდხნიანი პაუზის შემდეგ დღეს ვიყავი დეკანოზთან ციხეში. რაც კონსტანტინე დაიბადა და პანდემიის პირობებია, აღარ ვყოფილვარ…
ბევრი ვისაუბრეთ საქმეზეც, ჩვენს ამბებზე, ბათუმზე, საერთო მეგობრებზე. დავპირდი რომ ამიერიდან ისევ ხშირად ვინახულებ.
ისევ საკაცით ჩამოიყვანეს.. ხელ-ფეხ გაჩერებული, აბაზანაშიც კი საკაცით შეყავთ და დამოუკიდებლად არ შეუძლია. ადამიანს სასწრაფოდ ჭირდება კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და როგორც აღმოჩნდა, ამ წუთას ციხეს კვალიფიციური კი არა , ერთი ექიმიც კი არ ყავს, თურმე ყველა გათავისუფლებულია…
მომიყვა ამ პერიოდში, რაც არ მინახავს, რამდენჯერ იყვნენ შესულები – დანაშაული აღიარე და გაგიშვებთ, შეგიწყალებთო. დანაშაული კი, რასაც ედავებიან არ არსებობს და ვერ და არ აღიარებს, კიდევ დიდხანს რომ მოუწიოს იმ საკაცეზე წოლა, მაინც… ანუ თავისუფლებას და სიცოცხლეს უცვლიან ღირსებაში (დანაშაულის აღიარებაში)… არაო დეკანოზმა, არ იცვლება ეგ ორი…“, _ წერს ადვოკატი.