საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 16 წლის არასრულწლოვანის სუიციდის შემთხვევას, რომლის სავარაუდო მიზეზი გოგონას მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა და შევიწროება გახდა. სახალხო დამცველი უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.
სამწუხაროდ, ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევათა დროული გამოვლენა და შესაბამისი მხარდაჭერა კვლავ პრობლემად რჩება. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები და მხარდაჭერის სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები, ასევე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ბავშვის უფლებადარღვევის, განსაკუთრებით სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შემთხვევებს დაფარულს და ტაბუდადებულს ხდის.
ბავშვის ძალადობისგან დაცვის მექანიზმების მიმართულებით მნიშვნელოვანია ცხელი ხაზის არსებობა, რომელიც მისაწვდომი იქნება ნებისმიერი ბავშვისთვის. სოციალური სამსახურის ცხელი ხაზი, რომელიც მხოლოდ სამუშაო საათებში მუშაობს, ვერ ფარავს ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებას.
საქართველოს სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2017 წელს წინა წელთან შედარებით ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები კი ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორთა შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა და დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა. პრობლემურია სუიციდის რისკების დროული გამოვლენა და პრევენცია, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან.